logo
ENG



კომისიამ პუტინის გამოსახულებიანი და სააკაშვილზე კლიპის გამო "მთავარი" 112 000-ით დააჯარიმა

25 ნოე 202116:44
3 წუთის საკითხავი
 
კომისიამ პუტინის გამოსახულებიანი და სააკაშვილზე კლიპის გამო "მთავარი" 112 000-ით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 112 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში "პოლიტიკური რეკლამა"  ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა. მარეგულირებელმა ტელეკომპანიას პოლიტიკურ რეკლამად ჩაუთვალა "სირცხვილიას" მომზადებული ვიდეო "ოცნების" საგარეო კურსზე და კლიპი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.

ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

კერძოდ, საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

ასევე, ჯარიმა დააწესეს კიდევ ერთი კლიპის გამოც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 

"არც ვიცით, რაზე დაგვაჯარიმა. ხვალაც შეიძლება, რაიმე ახალი მოიგონონ და უარესად დაგვაჯარიმონ, ან საერთოდ, შეგვიჩერონ მაუწყებლობის უფლება. ეს არის გაცხადებული ცენზურა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო აქტივისტების თავისუფლების შეზღუდვა, პირდაპირი განაცხადია, რომ ხორცილდება პუტინის პოლიტიკა მედიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი ამბავი", - აცხადებს თამთა მურადაშვილი ფორმულასთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, კომისიამ დაასკვნა, თითქოს, მთავარმა არხმა პოლიტიკური რეკლამა განათავსა არასაარჩევნო დროს.

"თავადაც ადასტურებენ, რომ კონკრეტული კანონის მუხლი არ არსებობს. აკეთებენ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რას თვლიან პოლიტიკურ რეკლამად", - ამბობს მურადაშვილი. იგი ამატებს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია აუცილებლად გაასაჩივრებს. 

მთავარი არხის პოზიციით, კლიპები სოციალური რეკლამაა. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დაიწყო სოციალური რეკლამის უკანონო შეზღუდვა, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ "სირცხვილიას", არამედ, მომავალში სხვა არასამთავრობო სექტორის მასალებსაც შეეხება:

"მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომელიც ილაპარაკებს მთავრობის კორუფციაზე, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც ილაპარაკებს სასამართლო კლანზე, აი, ეს ყველაფერი რომ გავუშვათ, გვეტყვიან, რომ ესაა პოლიტიკური რეკლამა და ამისთვის დაგვაჯარიმებენ. არადა, ესაა მკაფიოდ სოციალური რეკლამა, რომელსაც შეიძლება, პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს და მიმართული იყოს კონკრეტული პოლიტიკური პერსონების მიმართ. სოციალური რეკლამა მხოლოდ ის არაა, "მოდით არჩევნებზე" და ა.შ.".

მარეგულირებლის განცხადებით, ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. 

"მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით", - აცხადებენ კომისიაში.

მარეგულირებლის იურისტმა, თამარ ხუხუნაიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი არხისთვის აქამდე გამოყენებულ ჯარიმებს პრევენციული ხასიათი არ ჰქონდა. 

"იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სანქციის მიზანი, მიზანშეწონილია, რომ სანქციის სახით გამოყენებული იყოს ჯარიმის ზედა ზღვარი, ვინაიდან ერთხელ მას მსგავსი დარღვევისთვის დაეკისრა 2500 ლარი, რამაც პრევენციული ხასიათი არ და ვერ იქონია, რის შემდეგაც [შემოსავლის] 1-პროცენტიანი ჯარიმის ოდენობით დასანქცირდა კომპანია", - თქვა მან.

იურისტ ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არჩევნები გადააგორა და ახლა "გადამწყვეტი" შეტევის დროა - უნდა განადგურდეს კრიტიკული აზრი. 

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მთავარ არხს უთხრა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არასაარჩევნო პერიოდში გაუშვიო და ამისთვის 111 000 ლარით დააჯარიმა. ჯერ რამდენად სწორად გადაწყვიტა სამართალდარღვევის საკითხი ერთია, მაგრამ სულ რომ მართლები ყოფილიყვნენ, 10 000-ითაც შეეძლო, მაგრამ არა, 111 000 ლარით დააჯარიმა. რატომ იცით? იმიტომ, რომ არჩევნები გადააგორეს. თითქმის ყველა პროცესი გადატეხეს და ახლა, გადამწყვეტი შეტევის დროა. უნდა განადგურდეს კრიტიკული აზრი. კარგად იციან, რომ ესეც გაუვათ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ერთი შეხედვით არ გაუვიდოდათ, რომ გვეგონა", - წერს ის ფეისბუქის გვერდზე.


close დახურვა